სტუმარი ბლოგერი

“თუ საჭირო გახდა უნდა მოკლა კიდეც”?!

არ ვიცი, წარმოდგენაც კი არ მაქვს რა ხდება საზღვარგარეთ, როგორ ზრდიან იქ შვილებს მშობლები, ან საერთოდაც თუ ზრდიან. მინდა ვისაუბრო ქართულ “შვილობაზე”, იმ ურთიერთობაზე რომელიც დღევანდელ რეალობასთან არის დაკავშირებული. დღეს თამამად შემიძლია ვთქვა რომ მშობლები შვილებს არ იცნობენ. დღევანდელი მშობლის ცნობიერება კმაყოფილია იმით რომ შვილი ცოცხალი ყავს, არ კვდება, სუნთქავს, დადის, იკვებება და საერთოდ არ აინტერესებთ მათი შვილების შინაგანი სამყარო. არ იციან მათ გონებაში პოზიტიური და ნათელი ფერებია, თუ შავ-ბნელი ფიქრები ცხოვრობს. ხშირად ისმის ფრაზები “არაფერი დამიკლია ჩემი შვილისთვის” და სწორედ ეს არის ის რაშიც ცდებით! ხშირად უმჯობესია კითხოთ ბავშვს “- როგორ ხარ? ” და არა “- მოხვედი?”. იქიდან გამომდინარე რომ ქვეყანაში ეკონომიკური ფონი საშინელია, ვერ მოვუწოდებ მშობლებს რომ სამსახური მიატოვონ და შვილებზე იზრუნონ, თუმცაღა ვთვლი რომ შვილის “აღზრდა” ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე მისი გამოკვება, მაგარ “ზმანში” გამოწყობა და ბევრი სხვა მატერიალური კიდევ… საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით რომ თქვენს შვილებს შეიძლება დასცინონ სწავლის გამო, დასცინონ სიმღერის გამო, ხატვის გამო, ცეკვის გამო და ამას აკეთებენ იმტომ რომ თავად უსაქმურები არიან.

ერთი “უბრალო დაყვირებაც” კი ძალადობაა რომელიც ბავშვის ფსიქიკაში დიდ კვალს ტოვებს, შედეგად ისისც თვლის რომ როდესაც რამე პრობლემას დაინახავს ყვირილით და აგრესიით უნდა უპასუხოს. თქვენი შვილები სტრესის ქვეშ არიან, გაღიზიანებულები, პრობლემები აქვთ, ვიღაც უყვართ, ვიღაც ეზიზღებათ და თქვენ ამის შესახებ არაფერს გიყვებიან. ზუსტად ვიცი რომ არც მოგიყვებიან ძალიანაც რომ სთხოვოთ რადგან მსგავსი ურთიერთობის  ჩამოყალიბებას და იმ დამოკიდებულების გაქრობას რომ “ჩემები გაიგებენ და გამლანძღავენ” დიდი დრო სჭირდება. ხშირად მოზარდებს გვირჩევნია ყველამ დაგვცინოს, ყველამ ზურგი შეგვაქციოს, ყველამ დაგვამციროს ოღონდ მშობლებმა არა! მთელი სამყაროს წნეხის ქვეშ ყოფნას გაუძლებს შვილი მაგრამ მშობლის ყვირილს თუ შეურაცხყოფას ვერ აიტანს, რადგან მშობელი ის ადამიანია ვისგანაც გვინდა მეტი სითბოს, სიყვარულის, მზრუნველობის და რჩევის მიღება.
რჩევა ტელევიზიისა და ქართული ტრადიციული ფილმებიდანაც მიგვიღია. მაგალითად: “ცხოვრება ომია,ომი! თუ საჭირო გახდა უნდა მოკლა კიდეც , თუ საჭირო გახდა უნდა იქურდო კიდეც, თუ საჭირო გახდა უნდა მოატყუო კიდეც, თუ საჭირო გახდა უნდა მოკლა კიდეც,ცხოვრება ომია შვილო ომი!”


მე ჯერ ფარ-ხმალით არავინ გამომკიდებია და შესაბამისად არც ეს დარიგება მადგება. შვილებს მიეცით ბევრად უფრო სასაწგებლო დარიგება და ნუ ეტყვით რომ თუ ვინმეს ჩაარტყავს მაგარი ბიჭი იქნება, თუ ყანწს ბოლომდე გამოცლის მაშინ იქნება “ქართველი ვაჟკაცი”. ცალკ-ცალკე ქართველობისთვისაც და ვაჟკაცობისთვისაც ზემოთხსენებული არ საჭიროებს.
ასეთები იზრდებიან მოძალადეები, ასეთი მოზარდები პრობლემებს სიტყვით ვერ აგვარებენ, ყოველთვის აქვთ სურვილი რომ იყვნენ “მჩაგვრელები” და ყველაზე საშინელი კი ისაა რომ მოსწონთ ის რასაც აკეთებენ. “ის,რასაც გასცემ უკან აუცილებლად დაგიბრუნდება.”-პაულო კოელიო. გაეცით სიყვარული და მიიღებთ სიყვარულს.

ბექა გრძელაშვილი

გამარჯობა ძვირფასო მკითხველო, მე ბექა გძელაშვილი ვარ. ვსწავლობ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ჩემი ინტერესის სფერო მხოლოდ მეცნიერებით როდი შემოიფარგლება, აგრეთვე ვსწავლობ რუსთავის ხელოვნების სკოლაში, ვიღებ მუსიკალურ განათლებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button
Close