სტუმარი ბლოგერი

საზოგადოება მოზარდის პირისპირ

მე მოზარდი ვარ, მე ნერგი ვარ, რომელსაც სჭირდება ნიადაგი. ეს ნიადაგი კი ხართ თქვენ ოჯახი, სკოლა და ფართო საზოგადოება. ეს ტრიადა რა საზრდოსაც მაწვდის მე იმ ღირებულებების მიხედვით ვიზრდები, ვვითარდები ნელ-ნელა დამოუკიდებელ ინდივიდად, რომელსაც მიყალიბდება საკუთარი შეხედულებები.

გიფიქრიათ თუ არა იმაზე, თუ როგორ მაცლით ფეხქვეშ ნიადაგს, როდესაც მხოლოდ ზედაპირული მსჯელობით შემოიფარგლებით და რჩებით მხოლოდ უშედეგო დემაგოგებად. დემაგოგებად, რომელთა სიტყვასაც სათანადო ქმედება არ მოსდევს და რომლებიც ვერ იაზრებთ, რომ ,,დღევანდელი სიტყვა ხვალინდელი დღის ხიდია.“ ჩემსა და თქვენს შორის ჩატეხილი ურთიერთობების ხიდია აღსადგენი. ხიდის ერთ მხარეს მე და ჩემნაირი მოზარდები ვართ და მეორე მხარეს თქვენ. თქვენი ხმა ჩვენამდე ვერ აღწევს და ჩვენი კი თქვენამდე. გაუფასურებულია ემოციური დამოკიდებულება ჩვენს შორის. მაგალითად: ხშირ შემთხვევაში მშობლების მთავარ საზრუნავს მოზარდის მატერიალური უზრუნველყოფა წარმოადგენს და ამ დროს ყურადღების მიღმა რჩება მშობლების აღმზრდელობითი მოვალეობა_ შვილის სულიერი განვითარება. მეორე მხრივ სკოლა, სადაც განათლების სისტემის არასწორმა ექსპერიმენტებმა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ვითარება გაამწვავა, რამაც შედეგად მოგვცა ის, რომ მასწავლებელს დღეს მოსწავლის თვალში არ აქვს სულიერი აღმზრდელის როლი. და ბოლოს საზოგადოების დატვირთვა ჩვენს განვითარებაში. საზოგადოება, რომელშიდაც არა მხოლოდ სკოლა და ოჯახი მოისაზრება, არამედ ის სოციუმი, რომელთანაც პირდაპირი ან ირიბი შეხება გვაქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა სახის ინფორმაციას ვღებულობთ მათგან, როგორ მოქმედებს და რა მაგალითის მომცემია მათი ქმედებები ჩვენთვის. მეც ხომ საზოგადოების ნაწილი ვარ და იმ შემთხვევაში ვიგრძნობ თავს საზოგადოების სრულყოფილ წევრად თუ ჩემი და მათი ღირებულებები ჰარმონიული იქნება.

ის, რაც ჩვენს შორის ჩატეხილ ხიდს აღადგენს არის უფრო მეტი ემოციური კავშირი ერთმანეთთან, ერთმანეთის მოსმენა, თანადგომა და მეტი უშუალო ურთიერთობა, რაც მეტად გააფერადებს ჩვენს ყოველდღიურობას.

სოფო პეტრიაშვილი

დავიბადე 1999 წლის 7 ივნისს საჩხერის რაიონში. ბავშვობიდან მიყვარდა მხატვრული ლიტერატურა და ზოგადად ხელოვნება. თავისუფალ დროს ვაკეთებ ჩანახატებს. ჩემი ჰობია ხატვა. მიყვარს აქტიური ცხოვრების სტილი. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button
Close