სხვადასხვა

როცა ჯარში გაწვევა უდრის მონობას და სახელმწიფოც ბედნიერია

ისევე როგორც ყველა, მეც, გავხდი 18 წლის და იგივე წარმატებით მომივიდა ჯარში გაწვევის დოკუმენტიც..

გამიხარდა?

ჰაჰ, მეცინება კიდეც. ალბათ ცხოვრებაში ყველაფერზე მეტად ავნერვიულდი.

საქმე იმაში იყო, რომ ჯერ კიდევ მე-12 კლასში დავაარსე კომპანია, რომლის განვითარებისთვის გადავწვიტე 1 წელი გამომეტოვებინა და შემდეგ ჩამებარებინა უნივერსიტეტში. მაგრამ მე თუ ჯარში წავიდოდი, რეალურად კომპანიის განვითარებისთვის და ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად გამოყოფილი დრო 1 წლიან უსაქმურობად გადაიქცეოდა, თანაც არა ჩემი სურვილით, იმიტომ რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა ასე! განსაკუთრებით მაშინ, როცა ვერც ზემოთ ხსენებული კომპანია განვითარდებოდა და მეტიც, უბრალოდ გაქრებოდა ბაზრიდან.. ამავდროულად მომიწევდა ჯარის დასრულების შემდეგ მოვმზადებულიყავი ეროვნული გამოცდებისთვის, რაც კიდევ დამატებით 1 წელი დამიჯდებოდა.

მოსალოდნელი შედეგი: წარუმატებელი კომპანია, 2 გადაყრილი წელი და მოხდილი “ვალი” ქვეყნის წინაშე

 

და რატომ გვჭირდება სავალდებულო სამხედრო სამსახური?

– იმიტომ რომ ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია და ნებისმიერ დროს შეიძლება ომი დაიწყოს?!

ჰმ…

სტატისტიკის მიხედვით, გაწვეულთა 70% ნაწილდება სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში. რაც ნიშნავს, რომ გაწვეულების 70% მომავალი ერთი წლის განმავლობაში, არათუ გაიწრთვნებიან, შეისწავლის სხვადასხვა იარაღის გამოყენებასა და ბრძოლის ტექნიკებს, არამედ იქნება დარაჯი, ჰო, დარაჯი!

მას შემდეგ რაც გაიწვევენ ახალგაზრდებს და გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, ყველანი მიდიან 1-2 კვირიან კარანტინში, სადაც იარაღთან შეხება აქვთ მხოლოდ ერთხელ და ისიც, მინიმალურად უხსნიან როგორ უნდა ისროლოს და რამდენჯერმე სასხლეტს გამოაკვრევინებენ გულის გასახარებლად.

და იცით რას აკეთებენ დანარჩენი დროის განმავლობაში? 

– ამზადებენ წარმატებული დარაჯობისთვის

სამაგიეროდ სახელმწიფოს იაფი უჯდება და კაპიკებს უხდის ჩვენს ყარაულებს (მერე მაგ კაპიკეპიდან კიდე დაზღვევის თანხას აჭრიან)

 

ახლა თუ ვინმემ იფიქრეთ, “ღარიბი ქვეყანა ვართ და მსგავს პირობებში სახელმწიფო ვერ შეძლებს მეტის გადახდას”-ო, მინდა გითხრათ, რომ ცდებით. ოდესმე დაფიქრებულხართ:

– რეალურად რამდენჯერ მეტი უჯდება სახელმწიფოს, ისეთი ადამიანების ჯარში გაწვევა და დროის განიავება, ვისაც შეეძლო სახელმწიფოსთვის ბევრად მეტი სარგებელი მოეტანა თავისი საქმიანობით და ცოდნით, რომელსაც ის ორი წლის დაგვიანებით ან საერთოდ ვერ მიიღებს? და რომ დაუფიქრებლად ვყრით ამ შესაძლებლობებს სანაგვეში?

აი აქ კი ვხვდებით, რომ ვითომ იაფი არმია, რომელიც რეალურად დარაჯებისგან დაკომპლექტებული ჯგუფია, ვერც ჯარის ფუნქციას შეასრულებს საჭიროების შემთხვევაში და ამავდროულად ბევრად ძვირი გვიჯდება შესაძლებლობების კარგვის ხარჯზე.

My Son Was KILLLED in vietnam. WHAT FOR? America?

თუ გავიხსენებთ ამერიკის მაგალითს, პრეზიდენტ ნიქსონის მრჩეველი მილტონ ფრიდმანი, ჯერ კიდევ 50 წლის წინ საუბრობდა სავალდებული სამხედრო სამსახურის გაუქმებაზე, ვიეტნამის ომის დროს კი გაწვეულთა მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის გამო დაიწყო საპროტესტო აქციები და მსვლელობები(ეს სცენა ასევე გვხვდება ფილმში “ფორესტ გამპი”), რის შედეგადაც, საბოლოოდ ამერიკის ხელისუფლება მიხვდა, რომ ეს მიდგომა არაშედეგობრივი იყო და 1971 წელს გააუქმეს სავალდებულო სამხედრო სამსახური, ჩაანაცვლეს საკონტრაქტოთი და დღეს, ამერიკას ყველაზე ძლიერი არმია ჰყავს.

 

მაგრამ მარტო ეს არის ამ სისტემის პრობლემა?! 

გარდა ამ ყველა სიკეთისა, სისტემა არის უსამართლო და დისკრიმინაციული.

ჯარში იწვევენ 18-27 წლის ვაჟებს, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად შეადგენს 200 000-ს, და აბა თუ გამოიცნობთ რამდენია რეალურად გაწვეულთა რაოდენობა?

7 ათასი “კარგ” შემთხვევაში, რაც მხოლოდ 3.5%ია.

ეს არის ადამიანების კატეგორია, რომელთაც ვერ მოახერხეს:

⭕ 2000 ლარის გადახდა ანუ გაწვევის 1.5 წლით გადავადება

⭕ საქმის ჩაწყობა ნათესავების თუ სხვა გზების გავლით

⭕ სხვა ქვეყანაში გაქცევა

⭕ ისეთი ფიზიკური დაზიანების მიყენება საკუთარი თავისთვის, რომელიც დაიცავდა მონობისგან(თუმცა არსებობს მაგალითები, ვინც შეძლეს და მაინც წაიყვანეს)

⭕ სასულიერო პირად თავის გასაღება

⭕ სამედიცინო შემოწმების დროს თავის “დაბრაკვა”

⭕  უნივერსიტეტში ჩაბარება

⭕ სქესის შეცვლა

და თუ ბოლო პუნქტს ჩავუღრმავდებით, რატომ არსებობს სავალდებულო სამსახური მხოლოდ ვაჟებისთვის ან რატომ გვაქვს ქვეყნის ვალი მარტო ჩვენ?!

ქალები ჯარში

ყველაფერი სავალდებულო რომ არაეფექტურია, ეს გასაგებია, მაგრამ რატო ფიქრობს ქვეყანა, რომ ბიჭებს აქვთ დასაკარგი წლები და გოგოებს არა?

თუ ეს სახელმწიფო კეთილდღეობისთვის კეთდება(რაც აფსურდია, რა თქმა უნდა), მაშინ ლოგიკურად, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც უნდა დააკავოს ქვეყანამ მისთვის სასარგებლო საქმიანობით.

და ყველამ ვიცით, რა საქმიანობაც არ უნდა მოიფიქროს მთავრობამ, ფემინისტების არმია გამოვა ქუჩებში იმის მტკიცებით რომ ეს ვალდებულება სექსისტურია, ჰოდა მართლებიც იქნებიან. მაგრამ თავად სავალდებულო სამხედრო სამსახური არ არის სექსისტური?! ან იქნებ ფემინისტების ჯარი გაგვეშვა ომში, მაინც შეკრებილები არიან უკვე 🤔

თუმცა სანამ ეს ყველაფერი კიდევ უფრო დიდ აფსურდად იქცევა, მოდით დავუბრუნდეთ თემას.

არის მორალურად გამართლებული მიდგომა, რომ სახელმწიფომ თუნდაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ან სხვა მიზნებისთვის, რაღაც ლოგიკით შეარჩიოს მოქალაქეები და გარკვეული დრო აკეთებინოს ის, რაც მათ ინტერესებს ეწინააღმდეგება? თანაც ხშირ შემთხვევაში, ოჯახისა და მისი ბუნებრივი გარემოდან სრული განცალკევების პირობებში

რა სახელი ჰქვია დამოკიდებულებას, როცა ზღუდავ ადამიანის უფლებებს და აიძულებ აკეთოს ის, რაც მას არ სურს, გაურკვეველი დროით?! 

მონობა!

და რამდენად ექვემდებარება მონობა მორალის საზღვრებს? საერთოდ რა შეიძლება დაავალდებულოს სახელმწიფომ მოქალაქეს? და შეიძლება კი, საერთოდ?!

თუ ქვეყნის საჭიროებებზე ვისაუბრებთ, მაშინ ჩვენ გვჭირდება გამართული ეკონომიკა, ხარისხიანი განათლება და მრავალი სხვა, და მოდით ყველა მოქალაქე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გადავანაწილოთ სხვადასხვა უწყებებში და ვამუშავოთ უხელფასოდ ან ვუხადოთ 50 ლარი თვეში, როგორც დარაჯების შემთხვევაში.

ალბათ ვინც სავალდებულო სამხედრო სამსახურის იდეას ემხრობა, ეს სისტემაც მისაღები იქნება და სპეციალურად თქვენი და სახელმწიფოს ინტერესებისთვის, დღეიდან იმუშავებთ უხელფასოდ, თანაც იქ, სადაც ყველაზე მეტად არ გსურთ! ❤

მთავარი კი ის არის, რომ სამშობლოს დაცვა და სავალდებულო სამხედრო სამსახური სულაც არ მოიაზრებს ერთი და იგივე შინაარს, პირიქით.

ხოლო ამ სისტემას ის ადამიანები უჭერენ მხარს, ვისაც:

💢 პატრიოტიზმი გულზე მუშტის ცემა და მხოლოდ სადღეგრძელოების თემატიკა ჰგონია

💢 შეხება არ ჰქონია ამ სტრუქტურასთან და წარმოდგენა არ აქვს რა ხდება

💢 უკვე მოხდილი აქვს “ვალი” სახელმწიფოს წინაშე და თუ მან იწვალა, ჩვენც ხო უნდა დავიტანჯოთ, აბა ისე როგორ

💢 ქართველობის ინვესტიცია მონობაში უდევს და ეშინია, არავინ წაართვას

💢 ჰგონია, რომ დარაჯები დაიცავენ ქვეყანას

💢 განათლება არ ყოფნის ამ თემის გასააზრებლად

💢 მშობლების მოყოლილი ისტორიები ახსენდება და რაღაც სენტიმენტები ეხსნება ჯარზე, ან თავად არიან ეს მშობლები, რომლებიც გერმანიაში ან რუსეთში მიწას ჭამდნენ ჯარის პერიოდში და მათმა შვილებმაც ხომ უნდა გაუსინჯონ გემო

💢 მოლოდინი აქვს, რომ ჯარში ვაჟკაცობას და ცხოვრებას ისწავლის, მაგრამ წრთვნა რას უზამს, თუ ბუნებამ არ უშველა..

💢 დებილი გოგოები, რომლებსაც ფორმიანი ბიჭები მოწონთ და ამის იქით ვერაფერს ხედავენ

💢 რეალურად უნდა ჯარისკაცი გახდეს, თუმცა საფუძვლიანად არ იცის ეს სისტემა

როგორც ვახსენე, ნამდვილად არიან მოტივირებული ადამიანები, რომელთა მიმართულება არის სამხედრო სამსახური, თუმცა როცა ამ გულანთებული ადამიანის გაწვევა ხდება და მერე 1 წელი დარაჯად ამუშავებენ, მგონი ვხვდებით მოტივაციას რაც მოსდის და ამ მიმართულებითაც რამდენ სამაგალითო ჯარისკაცს ვკარგავთ.

რამდენიმე ადამიანისგან მომისმენია, რომ ჯარი წესრიგს გასწავლის და ამიტომ სასარგებლოა. შეიძლება ასეც არის, თუმცა ვინ ვარ მე რომ სხვა ადამიანს განვუსაზღვრო რა არის მისთვის სასარგებლო და რა უსარგებლო? ან რატომ უნდა ჰქონდეს მთავრობას უფლება განგვისაზღვროს როგორ გავიუმჯობესებთ თავს ჩვენივე თავისუფალი თუ არათავისუფალი დროის განმავლობაში?!

🔘 ამ და ყველა ხსენებული მიზეზის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ სამხედრო სამსახური სრულად უნდა დაექვემდებაროს თავდაცვის სამინისტროს და აუცილებლად უნდა გახდეს ნებაყოფლობითი, რის შედეგადაც მივიღებთ რეალურად მოტივირებულ არმიას, რომელსაც ექნება უნარი დაიცვას ქვეყნის მთლიანობა და უსაფრთხოება. არც დარაჯების ომში გაგზავნა დაგვჭირდება “საზარბაზნე ხორცად” და არც მათი გამოტირება. მეტიც, ის ადამიანები, რომლებიც ჩათვლიან რომ შეუძლიათ ქვეყნისთვის და საკუთარი თავისთვის უფრო მეტის გაკეთება ჯარისგან დამოუკიდებლად, შეძლებენ მოახდინონ რეალიზება სხვა სფეროებში, რომლებიც ქვეყანას არანაკლებად ესაჭიროება.

სამხედრო სამსახური ჩრდილოეთ კორეაშია სავალდებულო )) მაინც, რომ ვიცოდეთ

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჩამონათვალი ქვეყნებისა სადაც ნებაყოფლობითი ან სავალდებულო სამხედრო სამსახურია: https://en.wikipedia.org/wiki/Military_service

 

საბა მიგრიაული

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ვებ დეველოპერი, Youtube ექსპერტი, ვიდეო ედიტორი, ტრენერი და ბლოგერი

მსგავსი პოსტები

Back to top button
Close
Close