ვლოგებიმოგზაურობა

მოგზაურობა ათენში – ღმერთების ქალაქისკენ!

და ერთი ფეისბუქ პოსტით სულ რამდენიმე საათში შევიკრიბეთ 13 უცნობ-ნაცნობი ადამიანი და გავეშურეთ მსოფლიო კულტურის ცენტრისკენ!

მითოლოგიის თანახმად პოსეიდონსა და ათენას უნდა შეეთავაზებინათ ხალხისთვის რაიმე ღირებული და რომელსაც აირჩევდა მოსახლეობა, მისი სახელი დაერქმეოდა ქალაქს. მოსახლეობამ აირჩია ზეთისხილი, ნაცვლად პოსეიდონის შემოთავაზებული წყლისა და ამიტომ ქალაქსაც ათენი ეწოდა.

ათენი და მთლიანად საბერძნეთი ყოველთვის იყო მსოფლიო კულტურის ცენტრი და დასავლური ცივილიზაციის აკვანი, რომელიც არის სათავე დემოკრატიის, ფილოსოფიის, ლიტერატურის, პოლიტოლოგიის, თეატრის, მთავარი მათემატიკური პრინციპებისა და ოლიპმიური თამაშების.

გადავწყვიტეთ პირველი აკროპოლისი მოგვენახულებინა, როგორც ათენის ყველაზე ცნობილი სიმბოლო და ალბათ ყველაზე სანახაობრივი ადგილიც. ეს მთა შორიდან ბევრად მიუღწეველი ჩანს ვიდრე რეალურად არის, თანაც გზად კიდევ სხვადასხვა სანახაობებს და ისტორიულ ძეგლებს ხვდებით, შეიძლება რამდენიმე ქართველიც შემოგეგებოთ, ამიტომ არ მოიწყენთ. თუ ქართველი არა, რამდენიმე შავკანიანი ბიჭუნა აუცილებლად შეგხვდებათ, რომლებიც ქართულადვე მოგესალმებიან და რამდენიმე ქართულ სიტყვასაც გეტყვიან, შემდეგ “გაჩუქებენ” სამაჯურს და მოგიყვებიან ისტორიას, როგორ ჩუქნის ხალხი მათ ევროებს ამ სამაჯურის სანაცვლოდ 😄 ჯიგრები მოკლედ 🖖 ამ შავკანიან ბიჭუნები ყველა ტურისტულ ადგილას ბლომად არიან. პირველად რომ ქართულად დამელაპარაკნენ გამიკვირდა კიდეც, მერე მომიყვნენ რომ ზოგს კლასელი ყავდა ქართველი და ზოგს მეგობარი. მოკლედ იქ ფესვები ღრმად გვაქვს 🇬🇪

თავად აკროპოლისში შესვლა ღირს 20 ევრო, თუმცა რადგან ჩვენ ნოემბერში ვიყავით და სეზონი არ იყო, 50%-იანი ფასდაკლება ვრცელდებოდა ჩვენზე და 10 ევროდ შევბრძანდით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის საერთოდ უფასოა, თუმცა ლამის უნივერსიტეტში რეკავენ და ამოწმებენ სტუდენტობის ამბებს.

მოგზაურობა ათენში

ბევრმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ შენობას რომელსაც აკროპოლისს ეძახიან, რეალურად ქვია პართენონი, ხოლო აკროპოლისი არის მთლიანად ეს ადგილი, სადაც მდებარეობს ხსენებული პართენონი, ორი ამფითეატრი და სხვა ისტორიული ძეგლები.

საინტერესოა რომ პართენონი თავიდან იყო ქალღმერთ ათენას საპატივცემულო ტაძარი, შემდეგ ის ქრისტიანებმა გადააკეთეს ეკლესიად, შემდეგ თურქებმა მეჩეთად და საბოლოოდ კი იქცა ათენის ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ.

პართენონის ყველა მხარეს არის ნაკვეთი სკულპტურები, რომელიც გვიყვებიან სხვადასხვა ისტორიას. ერთ მხარეს ნაჩვენებია ბრძოლა ღმერთებსა და გიგანტებს შორის, მეორე მხარეს ბერძნები და კენტავრები, მესამე მხარეს არის ქალღმერთი ათენას დაბადების სცენა და მეოთხე მხარეს პოსეიდონისა და ათენას დავა ათენისთვის, როცა ბერძნები ირჩევენ ათენას. სამწუხაროდ პართენონი ნელ-ნელა ინგრევა და აღნიშნული სკულპტურები უფრო და უფრო რთულად გარჩევადი ხდება.

პრინციპში შეიძლება ითქვას რომ ქალაქის ცენტრი ერთი დიდი მუზეუმია და ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავთ სხვადასხვა ისტორიულ ძეგლებს. მაგალითად აკროპოლისის გზაზე შეგხვდებათ Lofo-სის პარკს, სადაც აკროპოლისის ულამაზესი ხედის გარდა ნახავთ: Stoa of Attalos, T  emple of Hephaestus, Ancient Agora of Athens. ამ პარკში შესვლა ღირს 8 ევრო, ნუ ჩვენ 4 გადავიხადეთ ფასდაკლებით.

ასევე აუცილებლად უნდა მოხვდეთ Monastiraki-ს მოედანზე, ეს ადგილი მე ვიტყოდი რომ არის ათენის გული. ამ ადგილიდან მიდის გზა აკროპოლისამდე, იწყება Plaka-ს ქუჩა, რომელიც არის ათენის ყველაზე დიდი და ცნობილი სავაჭრო ცენტრი და იშლება მთელი ათენის შესანიშნავი ხედი.

მონასტირაკი - Monastiraki

ამ მოედანზევე არის ორის ბარი, A for Athens და 360 კოქტეილ-ბარი, რომლებიდანაც უშუალოდ იშლება ათენის ხედი და ორივეში ძალიან სასიამოვნო გარემოა. მე პირადად A for Athens იმდენად არ მომეწონა, რამდენადაც 360 კოქტეილ-ბარი, სადაც ბევრად კომფორტულად მოვეწყვეთ მე და ჩემი მეგობრები:

საბა მიგრიაული - ათენი - ღამე - აკროპოლისის ხედი / Saba Migriauli

ჰოდა ამ ქალაქს კლუბების მოყვარულებიც არ დატოვებენ უკმაყოფილო,  Iera Odos არის კლუბების ქუჩა და უკვე თქვენი გადასაწყვეტია რომელში შეხვალთ. თუმცა წინასწარ დაჯავშნა არ დაგავიწყდეთ.

ჩვენ Lohan Nightclub-ში ვიყავით, თუმცა თავიდან არ გვიშვებდნენ ადგილების არ არსებობის გამო. თან ერთ-ერთს დაბადების დღე ჰქონდა და პირადობას ცხვირწინ უტრიალებდა დაცვას, იმის დასამტკიცებლად რომ მართლა დაბადების დღე ჰქონდა 😄 ჰოდა საბოლოოდ შეგვიშვეს და თანაც უფასოდ, არადა შესვლა კაცზე 10 ევრო ღირდა. უცნაურია 😛

ჩვენ კი მშვენივრად გავერთეთ, მაგრამ ათენელები ცოტა არ იყოს გაუნძრევლად იდგნენ კლუბში 😄 ნუ ხალხით ისე იყო გადაჭედილი, ცოტა განძრევაც ჭირდა, მაგრამ ჩვენ ხომ მოვახერხეთ 😄🕺

აქვე გავიცანით ოსკარი შვედეთიდან, რომელიც სულ შემთხვევით შეგვხვდა კლუბთან, შემოგვიერთდა და აი უკვე ერთად დავიარებოდით, ვცეკვავდით, ვმღეროდით. შემდეგ კიდევ სხვა ბარებსაც ვესტუმრეთ და ყველგან გამოვაცოცხლეთ ხალხი🕺

არც სახლში დაბრუნებისას დაგვიგდია ტემპი(მიუხედავად იმისა რომ წვიმდა და სასმელის გავლენით ცოტა გაგვიჭირდა მიგნება) და აქ უკვე ჩვენი ჯგუფის წევრის დაბადების დღე აღვნიშნეთ ტორტითა და სასმელებით 🍹🍰

ათენში ჩასვლამდე ყველა გვირჩევდა რომ იქ ქართველებისგან თავი შორს დაგვეჭირა, რადგან დიდი შანსი იყო რომ საფულე ან რაიმე მოეპარათ.. ჰოდა უარესებიც მსმენია სხვა ქვეყნებზე და არსად არაფერი მომხდარა, თუმცა ათენში…

ღამის 11 იყო დაახლოებით, როცა მე და ჩემი 2 მეგობარი გავედით მაღაზიაში სურსათის საყიდლად. აღარ გვახსოვდა რომ 9ზე იკეტებოდა ყველაფერი. გადავწყვიტეთ 24 საათიანი მაღაზია მოგვეძებნა და დავადექით გზას. საუბარში უცებ შემოგვიერთდა უცნობი ქართველი, რომელიც ლაითად რომ ვთქვათ არ გამოიყურებოდა კარგად. დიდი წვერი და თმა, ფართო ტანსაცმელი და ა.შ.

ძალიან გაუხარდა ქართველების ნახვა, როგორც აღმოჩნდა 5 წელია იქ ცხოვრობს და რომ გაიგო მაღაზიას ვეძებდით, დაფაცურდა და გადაწყვიტა დაგვხმარებოდა. ჯერ ერთ პატარა მაღაზიამდე მიგვიყვანა რომელიც 10 წუთის სავალზე იყო, შემდეგ გვითხრა რომ ცოტა შორს, თუმცა იყო 24 საათიანი სუპერმარკეტი და ჩვენც გადავწყვიტეთ წავსულიყავით. გზაში ათას ისტორიას გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა აქ, რომ მარტო ცხოვრობს და ქართველებს არ ეურთიერთება, რადგან ყველანი იპარავენ და არასინდისიერად ცხოვრობენ, და ძირითადად მარტოობასა და კითხვაში ატარებს დღეებს. გზაში 10 ევროცენტი იპოვა და ისე უცნაურად გაუხარდა, თითქოს იცოდა რომ უნდა ეპოვა იმ ადგილას… საქართველოს ამბებიც გამოგვკითხა და ამ საუბარში გადავიარეთ ნახევარი ათენი, 45 წუთი მივდიოდით და ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო პატარა და უცნობ ქუჩებისკენ მივიწევდით. გზაში ვიღაცებს ხვდებოდა და ბერძნულად ეუბნებოდა რაღაცებს. ჩვენ კი იმედი გვქონდა რომ დასაყაჩაღებლად არ მივყავდით. თან ქუჩებში ფაქტობრივად ხალხი არ იყო და შეეძლო ცალსახად.

ამდენი სიარულისა და თითქმის 1 საათის გასვლის შემდეგ მიგვიყვანა დათქმულ სუპერმარკეტში და ჩვენი ეჭვების მიუხედავად პატიოსანი ადამიანიც აღმოჩნდა, რომელმაც ფაქტობრივად გადაირა ათენი შუა ღამით სრულიად უცნობი 3 ქართველის გამო. შევთავაზეთ რომ რაიმე გვეყიდა მისთვის პატივისცემის ნიშნად, თუმცა საჩუქრად თანხის აღება გადაწყვიდა და ჩვენც ვაჩუქეთ რამდენიმე ევრო.

გაგვიხარდა რომ ცოცხალი გადავრჩით! 

ჩვენი დიდი გუნდი კი ერთ დიდ სახლში ვცხოვრობდით და საღამოობით მცირეოდენი ალკოჰოლის თანხლებით განვიხილავდით სხვადასხვა თემებს, ვკამათობდით და ვერთობოდით 😊

მიუხედევად იმისა რომ სულ 4 დღე გავატარეთ ერთად, ბოლოს უკვე ერთი დიდი ოჯახივით ვიყავით და იმის შეგრძნება მქონდა რომ ამ ადამიანებს უკვე წლებია ვიცნობ. უკვე აღარც წარმომედგინა, როგორ უნდა გამეტარებინა დღე მათ გარეშე ❤ არადა რამდენიმე დღის წინ სულ უცხო ადამიანები იყვნენ..

საბოლოოდ დავუბრუნდით საქართველოს და ჩემი ლოცვების მიუხედავად, სამწუხაროდ არცერთი რეისი არ დაგვიგვიანდა 😛

რატომ სამწუხაროდ? იმიტომ რომ დაგვიანების შემთხვევაში მივიღებდით 400 ევროს კომპენსაციას თითოეული FlyBack-ის დახმარებით 😊 ჩემი მოგზაურობების განმავლობაში უკვე ორჯერ მივიღე ფრენის კომპენსაცია:

წინ ბევრი ასეთი, კიდევ უკეთესი და იაფი მოგზაურობები გველოდება, შემომიერთდით და ვიმოგზაუროთ ერთად. ყველა მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია დაიდება ჩემს ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/Saba.Migriaulis.Blogpoint

მომავალ მოგზაურობამდე! 🖖

საბა მიგრიაული

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ვებ დეველოპერი, Youtube ექსპერტი, ვიდეო ედიტორი, ტრენერი და ბლოგერი

მსგავსი პოსტები

Back to top button
Close
Close