ვლოგებიმოგზაურობა

მოგზაურობა 10 დღეში – მაროკო, ლისაბონი, ბარსელონა, კანარის კუნძულები!

გიმოგზაურიათ აფრიკასა და ევროპაში, 3 ქვეყანასა და 8 ქალაქში 10 დღის განმავლობაში? და მიგიღიათ 250 ევრო საჩუქრად ამ ყველაფრისთვის?

მაშინ მოგიყვებით ჩემი არასტანდარტული მოგზაურობის შესახებ ✈

ჩვენი პირველი გაჩერება იყო ტანჟირი, მაროკო, სადაც ქუთაისიდან ბარსელონას გავლით ჩავედით. აეროპორტიდან გამოსვლისთანავე გადავწყვიტეთ რომ ნაცვლად ტაქსის დაქირავების ან ავტობუსის მოძებნისა, გვეცადა ავტოსტოპით წასვლა. მინდა გითხრათ ეს ჩვენი მცდელობა საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა. 11 ვიყავით და ორ ნაწილად გავიყავით, ჰოდა ორივეს ფაქტობრივად პირველივე მანქანამ გაგვიჩერა. საინტერესოა ის, რომ როგორც კი ეს პოლიციელებმა დაინახეს, ამბის გასარკვევად მოვიდნენ და მძღოლს მოუწია ახსნა თუ რატომ მივყავდით და რომ ფულს არ გვართმევდა. როგორც ჩანს საქართველოში არ იყოს, იქაც ლიცენზია სჭირდება ტაქსებს…

ავტოსტოპი - ტანჟირი, მაროკო - საბა მიგრიაული - Saba Migriauli - Morocco

და აი ჩვენი მძღოლი ისეთი პოზიტიური ადამიანი იყო, ცოტა მეწყინა კიდეც, რომ ჩვენთან ერთად არ აგრძელებდა მოგზაურობას. თანაც აღმოჩნდა რომ საქართველოზეც იცოდა, თბილისზეც და ჩვენ მიმართაც კარგად იყო განწყობილი.

ყველას გამოგვკითხა სახელები და ჩემი სახელი რომ ვუთხარი, უცებ გაჩერდა და მეკითხება: “საბაა?!”

ცოტა სასაცილოა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, საბა ერქვა მათ ყველაზე დიდ დედოფალს. კი, დედოფალს… რაღა ჩვენი თამარ მეფე და რაღა იმათი საბა დედოფალი 😛

ასე საუბარში გამოგვიყვანა Old Medina-ში, სადაც თვითონ საერთოდაც არ მოდიოდა სავარაუდოდ და უბრალოდ პატივი გვცა. არადა ქალაქის მეორე ბოლოში იყო.. სახელი ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ მაინც მადლობა!

ნამდვილად არ მეგონა თუ აფრიკაში ჩავიდოდი ცხოვრებაში პირველად და ასეთი მეგობრული ხალხი დამხვდებოდა. მართალია ყველა მაროკოელის “მეგობრულობა” ასეთივე პოზიტიური არ ყოფილა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით 😛

ტანჟირი, მაროკო ტანჟირი, მაროკო

თვითონ ტანჟირში სულ რამდენიმე საათით გავჩერდით და უკვე გადავინაცვლეთ მსოფლიოს ყველაზე ლურჯ ქალაქში – შიფშაუენში!

შიფშაუენი, მაროკო - საბა მიგრიაული - Saba Migriauli - Chefchaouen, Morocco

მაროკოელები რომ ზემეგობრული ხალხია, ამის პირველი გამოვლინება სწორედ შიფშაუენში ვიხილეთ. თუ უბრალოდ ქუჩაში შეგამჩნიეს, რომ რაიმეს ეძებ, მაშინვე მოცვივდებიან დახმარების სურვილით გამსჭვალულნი. ასე მოხდა ჩვენ შემთხვევაშიც, როცა ტანჟირიდან შიფშაუენში გადმოვედით. ტაქსს ვუთხარით რომ სასტუმროში მივეყვანეთ და მისამართიც მივეცით.. ჰოდა ქალაქის ცენტრში რომ შემოვედით, გააჩერა მანქანა და გვეუბნება რომ აღმართს უნდა ავუყვეთ და იქვეა ჩვენი სასტუმროც. გადმოვედი მანქანიდან და გავხედე აღმართს.. და აი ამ დროს საიდანღაც გაჩნდა რამდენიმე მაროკოელი და დაინტერესდნენ რას ვეძებდი. ვანახე სასტუმროს მისამართი და მითხრეს რომ სასტუმრო 2-3 კილომეტრშია იმ ადგილიდან. დასაზუსტებლად სასტუმროშიც გადარეკეს, გაარკვიეს სად იყო, შემდეგ ერთ-ერთი ტაქსში შეხტა და ფაქტობრივად უკითხავად წამოვიდა ჩვენთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ტაქსის მძღოლს ერთი სული ჰქონდა როდის მოგვიშორებდა, მოძმე მაროკოელმა მაინც სასტუმროს კარამდე მიაყვანინა ჩვენი თავი.

კი, მეგობრულები ნამდვილად არიან და ტყუილიც არანაკლებად უყვართ 😛 არც დროს კარგავენ და მარიხუანასაც უმალ გთავაზობენ, როგორც ეს ჩვენმა ჯიგარმა 2 კილომეტრის თანამგზავრმა გააკეთა.

ზოგადად მაროკო მარიხუანასა და ჰაშიშის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში და რეალურად ოჯახების მთავარი შემოსავლის წყაროც არის. ამიტომ აქ ყველა თუ არა ყოველი მეორე ადამიანი მარიხუანას გთავაზობს ტურისტულ ადგილებში. ისე მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკების მოხმარება არალეგალურია აქ. ამდენ “სიკეთეს” სულ უცხოელებისთვის ამზადებენ, ჯიგრები რა ❤

ცოტა არ იყოს, აქ საკმაოდ დიდი ანტისანიტარიაა და მარიხუანას რომც მოვიხმარდე, ამათგან მაინც არ ვიყიდიდი. ნებისმიერ მაღაზიაში ტკბილეულს ბუზ-ფუტკარი ისე მადისაღმძვრელად ეხვევა რომ მმმ 😊

 

ჰოდა, თვითონ შიფშაუენი მართლაც ძალიან ლამაზია, თანაც ლურჯი ჩემი საყვარელი ფერია 💙

შიფშაუენი, მაროკო - საბა მიგრიაული - Saba Migriauli - Chefchaouen, Morocco

ქალაქის ფერი სათავის იღებს 1930-იან წლებიდან, როცა სეფარდიელმა ებრაელმა ლტოლვილებმა ღმერთის ძალის შესახსენებლად მათი სახლები და კედლები შეღებეს ლურჯად. და მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ებრაელი მოსახლეობა ნელ-ნელა ჩანაცვლდა მუსლიმებით, მათი გავლენა დიზაინსა და ისტორიაზე კვლავ ბატონობს. და როგორც ხედავთ ქალაქს ისევ ის თავდაპირველი ლურჯი იერი აქვს. ასევე არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ებრაელებს უბრალოდ სჯეროდათ, რომ ლურჯი კოღოებს განიზიდავდა ..

რეალურად მთელი ქალაქი მთლიანად ლურჯი ნამდვილად არ არის, თუმცა ლურჯია ტურისტული ზონა ანუ Old Medina, სადაც, რა თქმა უნდა, მოხვდებით და აუცილებლად ესტუმრეთ რესტორან Aladin-ს. უპირველესყოვლისა ამ რესტორნიდან იშლება ის ხელი, რომელიც სავარაუდოდ სოცალურ ქსელებში გაქვთ ნანახი.

შიფშაუენი, მაროკო - საბა მიგრიაული - Saba Migriauli - Chefchaouen, Morocco

თანაც უგემრიელეს კერძებს ამზადებენ და ფასებიც ძალიან დაბალია. მით უმეტეს, რომ მაროკოს ასეთ პატარა ქალაქებში კვება ნამდვილად პრობლემაა ზემოთ აღნიშნული ანტისანიტარიის გამო. ასერომ ალადინი საუკეთესო მიგნებაა ❤

შიფშაუენი, მაროკო - ხედი რესტორანი ალადინიდან

თვითონ სახელი Chefchaouen არაბულად ნიშნავს ორ რქას 😈 ნწ ნწ ნწ ეშმაკისეულები, 666 …

შიფშაუენის ერთ-ერთ მაღაზიაში შევედით მე და ჩემი მეგობრები, რამდენიმეს ყავის ყიდვა უნდოდა და დახლებზე რომ ვერ იპოვეს, მაღაზიის გამყიდველ მოხუც კაცს ეკითხებოდნენ ინგლისურად coffee თუ ქონდა. ამ კაცმა ინგლისური არ იცოდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა რას ეკითხებოდნენ, თუმცა ჩემი მეგობრები არ ნებდებოდნენ და სხეულის ენით უხსნიდნენ როგორ მოჰყავთ ყავა, შემდეგ როგორ ფრქვავენ და მიირთმევენ (საოცარი სანახავი იყო), თუმცა ეს კაცი ისევ დაბნეული სახით იყურებოდა…

ამ დროს ჩემს მეგობარს ვუთხარი: კარგი, არ გინდათ ყავა, წავიდეთთქო

– კავა, კავა!!! წამოიძახა ამ კაცმა, ისე თითქოს ახალი ამერიკა აღმოეჩინა და მოიტანა ყავა 😄

მორალი: ქართული ხო პირველი ენა იყო და მიკარგულ მაროკოშიც გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენს მშობლიურ ენას გაიგებენ 😂

შიფშაუენიდან წესით უნდა გადავსულიყავით მარაკეშში, თუმცა გვირჩიეს რომ გზად შეგვევლო მაროკოს ისტორიულ ქალაქში ფეს-ში.

ფესი, მაროკო - საბა მიგრიაული - Saba Migriauli - Fez, Morocco

ახლა ვფიქრობ, რამდენად მაგარი მოგზაურობა იქნებოდა, ფესი შავ ლაქად რომ არ აჩნდეს ყველაფერს 🙃

დიდი ვერც ვერაფერია, იგივე ბაზრობა და Old Medina რაც მაროკოს ყველა ქალაქშია. მაროკოს ხაშურია მოკლედ ❤

ფესში გავსინჯე კაკტუსის ნაყოფი, რომელიც მთელ მაროკოშია და შიფშაუენში შორიდან ვუყურებდი ეჭვის თვალით, აქ უკვე გადავწყვიტე გამესინჯა და მართლა უგემრიელესი იყო, განსხვავებული არომატი ❤ თუ სადმე კიდევ შემხვდება, ერთ კილოს დავაგემოვნებ კიდევ 😄

სხვათა შორის, სასტუმროში ჩვენმა მეზობელმა ბიჭუნამ ყველაზე უცნაური და სარფიანი შემოთავაზება გამიკეთა. ჩემს ქერა მეგობარს 3 აქლემში მიცვლიდა 👏👏 4 შემოეთავაზებინა და იქნებ დავთანხმებოდი კიდეც, 3 აქლემი ვის ეყოფა 😄

საბა მიგრიაული და მარიამ ბოკელავაძე - მარაკეში, მაროკო / Saba Migriauli & Mariam Bokelavadze - Marrakech, Morocco

აქაურობას მალევე გავეყარეთ და ახლა უკვე მაროკოს ჩემს ფავორიტ ქალაქს, მარაკეშს შევეყარეთ 😍

ეს არის ქალაქი, სადაც ნამდვილად გრძნობ რამდენად განსაკუკუთრებული და ეგზოტიკური ქვეყანაა მაროკო! შიფშაუენს თუ სულ ლურჯი იყო, მარაკეშს წითელ ქალაქს ეძახიან. ეგეც მეორე ჩემი საყვარელი ფერი 😄

მარაკეში, მაროკო - Marrakech, Morocco

მარაკეშში ყველაზე მეტად მომწონს ისტორიული მაროკოსა და თანამედროვეობის კონტრასტი. ერთ წუთში ძველ უბანს ათვალიერებ და ცოტა ხანში გადიხარ ბარებისა და კლუბების ნაწილში 🕺💃

მარაკეში

ჩვენი სასტუმრო LE TICHKA-ც ხომ სასწაული იყო, თავისი აუზით, საღამოს ცოცხალი მუსიკით და ამბებით ❤

LE TICHKA

სხვათაშორის მარაკეში ჰოლივუდელი რეჟისორების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია და აქ გადაღებულია ისეთი ცნობილი ფილმების სცენები როგორიცაა გლადიატორი, შეუსრულებელი მისია, ჯეიმს ბონდი და სხვა მრავალი. და მთლიანად მაროკო შეიძლება ითქვას არის ჰოლივუდის შემდეგ მეორე ყველაზე დიდი გადასაღები მოედანი. მით უმეტეს, რომ საჰარას უდაბნოს ნაწილი მაროკოში მდებარეობს და სპარსეთის პრინცი, საჰარა და თავად მუმიაც აქ არის გადაღებული.

საბა მიგრიაული - მარაკეში, მაროკო / Saba Migriaili - Marrakech, Morocco

თუ მაროკოში ოდესმე შემოგთავაზებენ ჩაის ან ხორციან საკვებს, არასდროს თქვათ უარი! რადგან ეს ითვლება უპატივცემულობად და ასევე მათ სჯერათ რომ ხორცი აუცილებლად მარჯვენა ხელით უნდა მიირთვან. მოკლედ თუ ცაცია ხართ ან ვეგეტარიანელი, ან მით უმეტეს ორივე, ძალიან არ გაგიმართლათ

მაროკოში ფაქტობრივად არ არსებობს კერძო სააბაზანოები და მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს აქვს ის. ძირითადად ყველანი განიბანებიან საჯარო სააბაზანოში, რომელსაც hammam ეწოდება. ნუ ეს სასტუმროებს არ ეხება, რა თქმა უნდა 😀

საბა მიგრიაული - მარაკეში, მაროკო / Saba Migriaili - Marrakech, Morocco

მოერიდეთ თეთრი ტანსაცმლის ჩაცმას, რადგან აქ გლოვის ფერი არის თეთრი, ნაცვლად შავისა, ისევე როგორც ინდოეთში და ამიტომ მოსახლეობა სულ ფერად-ფერადადად არის შემოსილი. მართალია ტურისტები დიდად არ ითვალისწინებენ, მაგრამ ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ადგილობრივი კულტურის გათვალისწინებაც.

აქ მოედანზე რამდენიმე მოსრიალე კობრასაც 🐍 ნახავთ, რომლებსაც ხანდახან ერთმანეთსაც აჩხუბებენ ხოლმე. არც შემოღობილია, არც არაფერი. უბრალოდ ასე არიან გაშლილ სივრცეში. მართალია არავის არაფერს ერჩიან, მაგრამ მაინც ცოტა საშიში სანახავია. მით უმეტეს თუ წინასწარ არ იცი. თუ მათთვის სურათის გადაღებას გადაწყვეტთ, რამდენიმე ევროც გაამზადეთ, იმიტომ რომ პატრონი აუცილებლად გამოგეკიდებათ ფულის გამოსართმევად 😄

და ყველაზე საინტერესო არის ის რომ მაროკოში წარწერა “I ❤ U” არ ნიშნავს არაფერს, რადგან სიყვარულის სიმბოლო აქ არის ღვიძლი! 😄 მე თქვენ ღვიძლი 😊

 

I Liver You

შეიგრძენით მაროკო!

საბა მიგრიაული - მარაკეში, მაროკო / Saba Migriaili - Marrakech, Morocco

 

მაროკოს აფრიკული დღეები ამოიწურა და გავეშურეთ ბარსელონასკენ

მაგრამ როგორც არ უნდა დაგეგმო მოგზაურობა და დეტალებში გათვალო ყველაფერი, ცხოვრების სურპრიზებს ვერსად გავექცევით და ასე მარტივად ჩვენი პირველი რეისი დაგვიანდა და ვეღარ მივუსწარით მეორეს..

მივფრინავდით მარაკეში-ლისაბონი-ბარსელონა და ლისაბონში მხოლოდ 55 წუთი გვქონდა რომ ერთი თვითმფრინავიდან მეორეში გადავმჯდარიყავით, თან უნდა გაგველო ყველა პროცედურა. ბევრი კი ვირბინეთ, მაგრამ რომ მივედით გეითი უკვე დაკეტილი იყო…

მაგრამ იცით რა? ძალიან გამიხარდა ასე რომ მოხდა 😄 ხო სანამ იფიქრებთ რა უხარიაო, გეტყვით რომ ასეთ დროს, როცა ავიაკომპანიის გამო ვეღარ მიუსწრებთ მეორე თვითმფრინავს ანუ გამოტოვებთ დაკავშირებულ ფრენას, უპირველესყოვლისა გეკუთვნით კომპენსაცია 600 ევრომდე. ამასთან ერთად სასტუმრო, ტრანსფერი სასტუმრომდე და პირიქით, და უფასო კვება.

ხოდა როგორც კი ასე ყველაფრის გარეშე დავრჩით, ავიაკომპანიის წარმომადგენელს მოვთხოვე ყველაფერი ზემოთ აღნიშნული, მათაც არ დააყოვნეს და გაგვიშვეს Radisson-ში 😎

ჩვენს შემთხვევაში საფრენი კილომეტრებიდან გამომდინარე გვეკუთვნოდა კომპენსაცია 250 ევროს ოდენობით, ჰოდა იქვე შევავსეთ თერთმეტივემ აპლიკაცია FlyBack.Ge-ზე 5 წუთში და კომპენსაციებიც მივიღეთ ორ თვეში, ასე მარტივად 😄 ეს უკვე მეორე შემთხვევაა როცა კომპენსაცია მივიღე, პირველად კვიპროსის რეისი დაგვიანებისთვის ავიღე რამდენიმე თვის წინ. ორივე შემთხვევაში 250 ევრო. კიდევ ბევრი ასეთი შემთხვევა და კომპენსაციები მე! 😄 თუ თქვენი რეისიც დაგვიანებულა ან გაუქმებულა, გადახედეთ სტატიას: როგორ მივიღო ფრენის კომპენსაცია?

ავიაკომპანიამ ბილეთებიც მოგვცა შემდეგ რეისზე, რომელიც 8 საათში იყო, ხოდა მანამდე ვივახშმეთ რედისონში უმაღლეს დონეზე, დროც ვიხელთეთ და ღამის ლისაბონიც დავათვალიერეთ 😋

ლისაბონი, პორტუგალია - საბა მიგრიაული / Saba Migriauli - Lisbon, Portugal

ჰოდა ჩემი ქვეყნების სიას პორტუგალიაც შეემატა 😄

და საბოლოოდ მოვიდა ბარსელონას დროც Mirame!

საბა მიგრიაული - საგრადა ფამილია, ბარსელონა, ესპანეთი / Saba Migriauli - Sagrada Familia, Barcelona, Spain

ეს ქალაქი არის ჩემი აღმოჩენა და სულ სხვა თვალით დავინახე! მართალია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია მსოფლიოში, მაგრამ მაგალითად იცოდით, რომ ბარსელონას აქვს 7 სანაპირო და შვიდივე ხელოვნურია?! 😄 1992 წლამდე ბარსელონაში სანაპირო არ იყო და ძირითადად ზღვის მხარე საწარმოებს ეკავათ, სანამ ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა არ გადაწყვიტეს. ახლა კი ბარსელონას სანაპიროები მსოფლიოს ტოპ ათეულში წამყვან პოზიციაზეა National Geographic-ის მიხედვით.

ბარსელონასთვის სულ 2.5 დღე გვქონდა გათვალისწინებული და იქიდან გამომდინარე რომ 1 დღე პორტუგალიაში “შეჩერების” გამო გამოგვაკლდა, ფაქტობრივად მხოლოდ დღენახევარი დარჩა დასათვალიერებლად. ამიტომ ბევრ ადგილას წასვლა ვერ მოვასწარით, თუმცა დავათვალიერეთ ბარსელონას ყველაზე ცნობილი Sagrada Familia, ვისეირნეთ La Rambla-ზე და ვესტუმრეთ Camp Nou-საც.

საბა მიგრიაული - კამპ ნოუ, ბარსელონა, ესპანეთი / Saba Migriauli - Camp Nou, Barcelona, Spain

საბა მიგრიაული, მარიამ ბოკელავაძე, დავით კრაწაშვილი - კამპ ნოუ, ბარსელონა / Saba Migriauli, Mariam Bokelavadze, Davit Kratsashvili - Camp Nou, Barcelona

ბარსელონაში არის 55 მუზეუმი და რომელია თქვენი აზრით ყველაზე პოპულარული?
მართალია! წელიწადში 1.4 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს საფეხბურთო კლუბ ბარსელონას მუზეუმს. მე ფეხბურთის მოყვარული არ ვარ, თუმცა საინტერესო ფაქტია.

ტოპ ფაქტები ბარსელონაზე:

  • ეიფელის კოშკი უნდა აშენებულიყო ბარსელონაში
    გუსტავო ეიფელის თავდაპირველი სურვილი იყო რომ პარიზის ყველაზე ცნობილი ნიშანი ყოფილიყო ბარსელონაში, თუმცა ესპანეთის მთავრობამ გადაწყვიტა რომ ქალაქის არქიტექტურას არ მოუხდებოდა და ამიტომ შემდგომში აშენდა პარიზში.
  • ბარსელონას აქვს საკუთარი ვალენტინობის დღე
    ისინი ამას წმინდა ჯორჯის დღეს უწოდებენ და ნაცვლად 14 თებერვლისა, აღნიშნავენ 23 აპრილს. ამ დღეს კაცები ქალებს ჩუქნიან ვარდს სიყვარულის ნიშნად, ხოლო ქალი კაცს ჩუქნის წიგნს მარადიული ნიშნად მარადიული სიყვარულისა.
  • ბარსელონა ბევრად ადრე დაარსდა ვიდრე რომი
    ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ბარსელონა ჰერკულესმა დაარსა რომის აშენებამდე 400 წლით ადრე. სად იყო რომი, როცა ყველა გზა ბარსელონამდე მიდიოდა?!
  • ბარსელონა იმ მსოფლიოს იშვიათ ქალაქთა შორისაა სადაც მარიხუანას მოხმარება ლეგალურია
    ხშირად ესპანეთს როგორს „სამხრეთის ჰოლანდიას“ ასე მოიხსენიებენ ხოლმე, რადგან მხოლოდ ბარსელონაში დაახლოებით 400 მარიხუანას კლუბია. მე არ მოვიხმარ მარიხუანას, თუმცა მაინც საინტერესო ფაქტია
  • ბარსელონაში 68 პარკია
    ქალაქის დაახლოებით 11 პროცენტი უკავია ამ პარკებს და მოკლედ ბარსელონას არც სიმწვანე აკლია
  • ბარსელონა არის მსოფლიოში ერთი ყველაზე ველოსიპედ-მეგობრული ქალაქი და ველოსიპედის გზა შეადგენს 180 კილომეტრს, რითიც ის მსოფლიოს ტოპ 10 ყველაზე ველოსიპედ-მეგობრულ ქალაქთა სიაშია

საგრადა ფამილია

ბევრი რამ სანახავი დამრჩა ამ ქალაქში, რაც მაძლევს მიზეზს რომ კიდევ ერთხელ დავბრუნდე! 😋 თანაც ვგიჟდები ესპანელებზე

ჰოდა ჩვენი მოგზაურობის ბოლოს, ამდენი დატვირთული და ცოტა დამღლელი დღეების შემდეგ მცირედი რელაქსაცია კანარის კუნძულებზე, კერძოდ ტენერიფეზე ვპოვეთ 😌

საბა მიგრიაული - კანარის კუნძულები - ტენერიფე / Saba Migriauli - Canary Islands -Tenerife

მართალია არც იმდენი სანაპიროა, ყველას რომ წარმოგვიდგენია, მაგრამ არც იმდენად დიდი ფასებია, მე რომ მეგონა 😁

თან ბანანებია ოხრად და კაპიკებში, ხოდა შესაბამისად არც მოვიკელი 😁 მაროკოშიც არ იყო ცოტა, მაგრამ აქ სამოთხეა

კანარის კუნძულები

კანარის კუნძულები

როგორც ამბობენ კანარის კუნძულების სახელი მომდინარეობს ლათინური ძაღლის სახელიდან „canaria“ და ლეგენდის თანახმად, როცა პირველი ევროპელები მოხვდნენ ამ ადგილას, ნახეს ძალიან ბევრი სელაპები და ჩათვალეს რომ იყვნენ ზღვის ძაღლები. დღეისათვის სელაპები ასე თავისუფლად ვეღარ დანავარდობენ, რადგან სახიფათოები არიან ადამიანებისთვის, თუმცა სახელი კი შემორჩა კუნძულებს

საბა მიგრიაული - კანარის კუნძულები - ტენერიფე / Saba Migriauli - Canary Islands -Tenerife

ქუჩაში ერთი კარიკატურისტი შეგვხვდა, რომელმაც უცებ მიგვხატა და თითო კარიკატურაში 2 ევროც გამოგვართვა 😄 მშვენიერი ბიზნესია

საბა მიგრიაული - კარიკატურა - კანარის კუნძულები - ტენერიფე / Saba Migriauli - Canary Islands -Tenerife

აქვე არის VIP ზონა აუზებით, კაფეებით და მთელი ამბებით, სადაც შესვლა მხოლოდ 5 ევრო ღირს. ეგეთი ფასი საქართველოშიც კი არ არის 😄 ჰოდა გირჩევთ რომ დილით 10ზე მიხვიდეთ ამ ადგილას და ასეთ სწყლის ამოხეთქვასაც ნახავთ, რომლითაც აუზს ავსებენ:

ტენერიფე

ზემოდანაც თუ გადმოხედავთ ქალაქს არ იქნება ურიგო

ხელი - ტენერიფე - გურამ შეროზია და ხატია ჯოხარიძე

საბოლოოდ ძალიან საინტერესო და დატვირთული თრიფი გამოვიდა(ცოტა ზედმეტადაც) ❤

წინ ბევრი ასეთი, იდევ უკეთესი და იაფი მოგზაურობები გველოდება, შემომიერთდით და ვიმოგზაუროთ ერთად. ყველა მოგზაურობის შესახებ ინფორმაცია დაიდება ჩემს ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/Saba.Migriaulis.Blogpoint

მომავალ მოგზაურობამდე! 🖖

საბა მიგრიაული

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ვებ დეველოპერი, Youtube ექსპერტი, ვიდეო ედიტორი, ტრენერი და ბლოგერი

მსგავსი პოსტები

Back to top button
Close
Close