მოგზაურობა

6 მცნება, რომელიც გონებაში უნდა ამოისვირინგოთ მოგზაურობის დაწყებამდე

მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის სურვილი ჯერ კიდევ ათეული წლის წინ გამიჩნდა და მას შემდეგ, ერთი სული მქონდა როდის დავტოვებდი ქვეყნის საზღვრებს 🌍 (სამოგზაუროდ და არა “ოღონდ აქედან წავიდე” პრინციპით 🙂)

კონკრეტული ქვეყანა არასდროს მაინტერესებდა და ისიც არ ვიცოდი საიდან დამეწყო, თუმცა პირველად აეროპორტში რომ მივედი, გაუაზრებლად დღესასწაული დაემთხვა, ამიტომ თვითმფრინავში ასვლამდე სურათები და გიფები გადამიღეს, შოკოლადები ჩამიჯიბეს და ასე გამიშვეს იმ დროისთვის ჩემთვის უცნობ მიწაზე 🖖 ჰოდა რაღაცნაირად აღნიშვნა გამოვიდა 😋

თუმცა უცხო ქვეყანაში წასვლას გარკვეული “შიშები” ახლავს თან, როცა გამოუცდელი ხარ და არ იცი, რა და როგორ ხდება. ეს გაურკვევლობის განცდა მეც მქონდა და ამიტომ ჩემზე ბევრად გამოცდილებთან ერთად გადავწყვიტე ვოიაჟი 🙄

რეალურად კი თქვენ მხოლოდ მეტი თავდაჯერებულობა და რამდენიმე პუნქტის ცოდნა გესაჭიროებათ ✊

  1. დააზუსტეთ გაფრენის და ჩექინის დრო
    ყოველთვის იცოდეთ გაფრენის ზუსტი დრო და ყველაზე ოპტიმალური იქნება თუ აეროპორტში 1.5-2 საათით ადრე მიხვალთ, ამ დროს გამოიყენებთ ჩექინის გასავლელად, შესაბამისად ბარგის ჩასაბარებლად და თვითმფრინავში ასვლამდე მოსაწესრიგებლად. დატოვეთ ქართული პუნქტუალურობა ქვეყანაშივე, რადგან არც თვითმფრინავი და არც სხვა რამ, არც გაფრენის და არც გამოფრენის დროს არ დაგელოდებათ არც ერთი წამით.
  2. შეადგინეთ წასაღები ნივთების სია და იცოდეთ რისი გადატანა არ შეიძლება საზღვარზე
    წაიღეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც გჭირდებათ და ყველაფერს ნუ წაათრევთ რაც ხელში მოგხვდებათ 😄 ასე შეიძლება ბარგის წონის ლიმიტსაც გადააჭარბოთ და დამატებითი საფასურის გადახდაც დაგჭირდეთ. არც ის ფაქტი დაგავიწყდეთ, რომ ზოგი ნივთის გადატანა არ შეიძლება საზღვარზე, ამიტომ ეგ ტყემალი ახლავე ამოიღეთ ბარგიდან და დააზუსტეთ ინფორმაცია.
    ..ეჰ ჩემი დეზადორები, თმის ლაკები და Power Bank-ი 🙄
  3. შეისწავლეთ ქვეყანა წასვლამდე და ყურადღება მიაქციეთ დეტალებს
    გამგზავრებამდე ყოველთვის შეეცადეთ გადაიკითხოთ სხვადასხვა სტატიები და მაქსიმალურად ბევრი დეტალი იცოდეთ ამ ქვეყანაზე, რომ არ მოგიწიოთ ფორსმაჟორულ სიტუაციებში თავის გამოცდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირველად ტოვებთ ქვეყნის საზღვარს. მაგალითად, თქვენ შეიძლება სულ არ იცოდეთ, რომ ჩინეთში Facebook და თითქმის ყველა სხვა საკომუნიკაციო საშუალება დაბლოკილია, რაც მთლიანად მოგწყვეტთ სამყაროს და იქნებ გარდაცვლილადაც გამოგაცხადონ საქართველოში, ვინ იცის ))
  4. გააკეთეთ Checklist
    რამდენ ზოგად ინფორმაციასაც არ უნდა ფლობდეთ ქვეყანაზე და თუნდაც ყველა ღირსშესანიშნაობა იცოდეთ, სანახავი ადგილები ყოველთვის მოიძიეთ, ჩამოწერეთ და დაალაგეთ პრიორეტეტების მიხედვით. შეიძლება დროში ზუსტად ვერ გათვალოთ თითო ადგილზე რამდენ საათს ან წუთს დაყოფთ, მაგრამ აუცილებელია წინასწარ იცოდეთ რამდენიმე sightseeing-ი, რომელსაც უნდა ესტუმროთ კონკრეტულ დღეს, მით უმეტეს თუ დროში შეზღუდულები ხართ და მთელი თვით არ ხართ ერთ ქალაქში და არც დრო გაქვთ დასაკარგი კულტურული თუ სანახაობრივი ადგილების ძებნაში.
  5. გადაიღეთ რაც შეიძლება ბევრი სურათი და ვიდეო
    ზოგადად რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, მაგრამ მე მაინც გირჩევთ რომ გადაიღოთ მაქსიმალურად ბევრი, და თვეების შემდეგ, როცა გადაავლებთ თვალს, მეორედ იმოგზაუროთ თუნდაც რამდენიმე წუთით. მით უმეტეს, თუ ეს თქვენი პირველი მოგზაურობა და თქვენთვის ახალი ერის დასაწყისია 😋
  6. იყავით ინფორმირებული ფრენის კომპენსაციის შესახებ
    ბევრმა გამოცდილმა მოგზაურმაც არ იცის, რომ ფრენის დაგვიანების, გაუქმების ან თვითმფრინავზე არ აშვების შემთხვევაში გეკუთვნით 600 ევრომდე კომპენსაცია, რომელსაც ავიაკომპანია დიდი ალბათობით არც გადაგიხდით. ამიტომ თუ ოდესმე მსგავსი რამ შეგემთხვევათ, არ დაგავიწყდეთ კომპენსაციის მოთხოვნა, რომელიც სავარაუდოდ ბევრად მეტიც იქნება ვიდრე თქვენ ორმხრივ ბილეთებში გადახდილი თანხა 😋 კომპენსაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ კომპანია FlyBack-ს. ასევე წაიკითხეთ როგორ მივიღე 250€ დაგვიანებული ფრენისთვის

 

და იმას აღარ დავწერ, რომ იმ ქვეყნის ენა ან უნივერსალური ინგლისური უნდა იცოდეთ, ან რუსული თუ პრორუსულ ქვეყანაში მიდიხართ, რომ შეგეძლოთ კომუნიკაციის დამყარება ადგილობრივებთან, გამვლელებთან და ა.შ., რაც ცალსახად დაგჭირდებათ ✌

ასე რომ,  თუ ეს ყველაფერი მზად გაქვთ, დროა თქვენი თრიფი დაგეგმოთ 🖖

 

საბა მიგრიაული

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ვებ დეველოპერი, Youtube ექსპერტი, ვიდეო ედიტორი, ტრენერი და ბლოგერი

მსგავსი პოსტები

Back to top button
Close